კირილმა მიგრანტებს „რუსული იდენტობისთვის საფრთხე“ უწოდა
25/10/2023 11:31:05 მსოფლიო
რუსეთის პატრიარქმა კირილმა პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, „იდენტობა დაკარგოს“ მიგრანტების გამო, – იუწყება "ინტერფაქსი".
მისი თქმით, „ასეთი ხალხი“ არც რწმენით და არც კულტურით "არ უახლოვდება რუსებს".
კირილმა გამოთქვა შიში, რომ მიგრანტების მიერ გავრცელებული „უცხო კულტურა“ შეიძლება, „გათანაბრდეს“ რუსულ „კულტურასა და რწმენასთან“, რის შედეგადაც არა მხოლოდ იდენტობა, არამედ ქვეყანაც „დაიკარგება:
”მოსკოვში იაფი მუშახელის მიღების სურვილმა არ უნდა მიიზიდოს სხვა კულტურის, განსხვავებული რწმენის მიმდევარი ხალხის დიდი დაკადი, რომლებმაც ხშირად არ იციან რუსული ენა და არ აქვთ, მაპატიეთ, პატივისცემა რუსეთის და მისი ხალხის“.
ამავე დროს, ის ამტკიცებს, რომ არ აქვს „ნეგატიური გრძნობები“ მუსლიმებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ "აწუხებს გარკვეული დემოგრაფიული პროცესები“, რამაც შეიძლება „შეცვალოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სახელმწიფოს ბუნება, რომლის ბირთვიც რუსი ხალხია".
ამავდროულად, მას არაფერი უთქვამს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს, მათ შორის, რუსეთის დემოგრაფიაზე კრემლის მიერ უკრაინაში გაჩაღებული არაპროვოცირებული ომი.
მანამდე კირილმა თქვა, რომ ბირთვული იარაღი შეიქმნა „ღვთის განგებით" და რომ მის გარეშე "რუსეთმა შესაძლოა, ვერ იარსებოს".


