
"მედუზა": უკრაინელ ყოფილ პატიმრებს საქართველოში კვლავ არ უშვებენ
25/10/2023 11:11:49 საზოგადოება
საქართველოში კვლავ არ უშვებენ უკრაინელ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც რუსეთის კოლონიებში იძულებით წაიყვანეს, – იუწყება "მედუზა". მისი ცნობით, 7 კაცი საქართველო- რუსეთს შორის სააზღვრო ზონაში უკვე 14 დღეა, იმყოფება.
"მედუზას" ინფორმაციით, ერთ–ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დამხმარე ორგანიზაციის Volunteers Tbilis-ის წარმომადგენლები ჰყვებიან, მამაკაცები საქართველოში შემოსვლას საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგიდან“ ცდილობდნენ 11 ოქტომბერს. მაგრამ ისინი საქართველოში არ შემოშვეს და საფუძვლად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თანხმობის საჭიროებაზე მიუთითეს. მხოლოდ 4 მათგანს აქვს თან უკრაინის მოქალაქის პასპორტი. კიდევ სამს კი მხოლოდ რუსეთის ციხიდან გათავისუფლების დამადასტურებელი მოწმობა.
"მედუზა" წერს, რომ შვიდივე სასჯელს ხერსონის კოლონიებში იხდიდა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, 2022 წლის შემოდგომაზე ქალაქზე კონტროლის დაბრუნებმადე ცოტა ხნით ადრე, ისინი რუსეთის კოლონიებში გადაიყვანეს, განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა. გათავისუფლების შემდეგ ის და დანარჩენებთან ერთად ვოლგოგრადის სადეპორტაციიო ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც გამოშვების შემდეგ რუსეთში შესვლა აუკრძალეს რვა წლის განმავლობაში.
11 ოქტომბრიდან ისინი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იმყოფებიან და, მათივე თქმით, ბუფერულ ზონაში მდებარე შენობის დერეფანში იატაკზე სძინავთ. მამაკაცებმა, მოხალისეების მეშვებით, დახმარებისთვის მიმართეს უკრაინის საელჩოს საქართველოში, გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა ამ დრომდე პრობლემა არცერთ მხარეს არ მოუგვარებია. საკვები და წყალი მათთან უკრაინელ მოხალისეებს მიაქვთ. როგორც გამოცემა Paper Kartuli-ს უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ისინი უკრაინის მოქალეები არიან და უბრალოდ სამშობლოში დაბრუნება სურთ", – იუწყება "მედუზა".
მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"ქართული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობს უკრაინულ მხარესთან ერთად, მხოლოდ დღეს დასრულდა უკრაინის მხრიდან საჭირო პროცედურები და უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის მოქალაქეების (რომლებიც ყოფილი მსჯავრდებულები არიან) საქართველოში შემოშვება და შემდგომ, მათი უსაფრთხო დაბრუნება უკრაინის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი პრაქტიკა უკრაინის მხარესთან თანამშრომლობის".
აგვისტოს ბოლოს ექვსმა უკრაინელმა 10 დღე გაატარა საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგზე", სადაც საქართველოში შემოსვლის ნებართვას ელოდნენ.