სირიასა და ერაყში ამერიკულ ბაზებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმები გახშირდა
25/10/2023 11:13:59 მსოფლიო
ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად 24 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობაში NBC News-ს განუცხადა.
სარდლობის ცნობით, სამხრეთ სირიაში მდებარე ალ-ტანფის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ჩამოაგდეს დრონი, მაგრამ სამხედრო ობიექტები არ დაზიანებულა. კიდევ ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მცირე დაზიანებები მიიღო დასავლეთ ერაყში, ალ-ასადის ბაზაზე (სადაც კოალიციური ძალები არიან განლაგებული) დრონებით ორი ცალკეული თავდასხმის შედეგად. ცენტრალური სარდლობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი, მაგრამ ერთის ფრაგმენტები შენობას დაეცა.
NBC News-ის ცნობით, თავდასხმები რეგიონში დაძაბულობის ფონზე ხდება.
პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კოალიციის ძალებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ მცირე 10–ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და სამჯერ სირიაში „სხვადასხვა ტიპის დრონებითა და რაკეტებით".
რაიდერის თქმით, დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ ამ თავდასხმებს, მხარს უჭერს ირანი.
„ჩვენ ვხედავთ უფრო მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივას აშშ-ს ჯარებისა და პერსონალის წინააღმდეგ მთელ რეგიონში უახლოეს მომავალში ირანელი მარიონეტების და, თავად ირანის მხრიდან. (...) ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ თავდაცვის უფლებას და არასდროს ვიორჭოფებთ ზომების მიღების თაობაზე აუცილებლობის შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საზღვარგარეთ ჩვენი ძალების და ინტერესების დაცვას“, - განაცხადა რაიდერმა.
25 ოქტომბერს მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა აშშ–ის სახელმწიფო მინისტრმაც.
ისრაელში რადიკალური "ჰამასის" ბოევიკების შეჭრის შემდეგ, ერაყის შეიარაღებულმა ჯგუფებმა "გააფრთხილეს" ვაშინგტონი, არ ჩარეულიყო ომში. 19 ოქტომბერს, ჩრდილოეთ წითელ ზღვაში განლაგებულმა ამერიკულმა ხომალდმა გაანეიტრალა სამი ფრთოსანი რაკეტა და რამდენიმე დრონი, რომლებიც იემენიდან გაუშვეს ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუთის" მოძრაობის წევრებმა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ რაკეტები და დრონები სავარაუდოდ, ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული. 20 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს გაუგზავნა თხოვნა ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ; სავარაუდოდ, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი გაიგზავნება ისრაელში.


