
თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებისას, მათ შორის, რუსული სისტემების განეიტრალების სცენარებს ამუშავებენ
25/10/2023 09:32:26 კავკასია
თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნების დროს, რომელიც 23 ოქტომბერს დაიწყო, შეტევითი ოპერაციების სხვადასხვა სცენარი მუშავდება,– იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ამავე ცნობის მიხედვით, ერთობლივი სწავლების "მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023"-ის მეორე დღეს, ორი მოკავშირე ქვეყნის არმიის ქვედანაყოფებმა დანაღმული რაიონებში უსაფრთხო გადასასვლელები გახსნეს, აიღეს იმიტირებულ მტრის თავდაცვის ხაზი, მოწინააღმდეგის ზურგში დაეშვა საჰაერო სადესანტო ძალები, შემუშავდა "ისკანდერისა" და "ტოჩკა-უ"-ს სარაკეტო სისტემების "ბაირაქტარის" დრონებით განადგურების სცენარი. ეს რუსული სისტემებია.
"როგორც წვრთნების სცენარიდან ჩანს, ის შეტევითი ხასიათისაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ისკანდერისა“ და „ტოჩეკ-უ“-ს განადგურებასთან დაკავშირებულ დეტალებს",– აღნიშნავს აზერბაიჯანული მედია და იხსენებს, რომ ამ სისტემებს გარდა რუსეთისა, სომხეთიც ფლობს – ჯერ კიდევ ყარაბაღის 44-დღიან ომამდე მოსკოვმა ერევანში "ისკანდერების" ერთი დივიზია (4 ერთეული) მიაწოდა. რაც შეეხება "ტოჩკა-უ"–ს კომპლექსებს, გამოცემის ცნობით, ისინი სომხურ ჯარში ძალიან დიდი ხანია, აქვთ.
"ამ მხრივ, აზერბაიჯანულ-თურქეთის ერთობლივი წვრთნები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ფარული გზავნილი სომხეთისთვის",– აღნიშნავს მედიასაშუალება და დასძენს, რომ "თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მდინარეებზე პონტონური ხიდების ოპერატიული მშენებლობის სცენარის მომზადება შეიძლება ჩაითვალოს ირანისადმი გზავნილადაც".
"შეგახსენებთ, რომ როდესაც ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, ირანმა აზერბაიჯანის საზღვარზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები გამართა, რომლის დროსაც ქვედანაყოფები მდინარე არაზზე პონტონური ხიდების განლაგება ვარჯიშობდნენ",– იხსენებს გამოცემა.
ერთობლივი სამხედრო წვრთნები ბაქოში, ნახჩევანსა და აზერბაიჯანის სხვა, მათ შორის გათავისუფლებულ რაიონებში, ერთდროულად მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს 3 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, 130 ერთეული ჯავშანტექნიკა, 100 ერთეული არტილერია, 20–ზე მეტი საფრენი აპარატი, საინჟინრო აღჭურვილობა.