მედია: „ჰეზბოლას“ ლიდერი „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელებს შეხვდა
25/10/2023 09:07:22 მსოფლიო
ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა პალესტინელთა ისლამისტური მოძრაობების – „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელებს ბეირუთში შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters „ჰეზბოლასთან“ კავშირის მქონე ტელეარხ Al-Manar-ზე დაყრდნობით წერს.
არხის ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც „ჰამასის“ ხელმძღვანელის მოადგილე სალეჰ ალ-აური და „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალა მონაწილეობდნენ, განხილული იყო ღაზის სექტორში გამარჯვების მიღწევის გზები.
ამავე წყაროს თანახმად, შეფასდა საერთაშორისო დონეზე დაკავებული პოზიციები და ის, რაც „წინააღმდეგობის ღერძმა“ უნდა გააკეთოს. ამ ღერძში მოიაზრება ირანის, სირიის, „ჰეზბოლას“ და პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებების ალიანსი.
ისრაელმა, რომელიც „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის გარდა, პერიოდულად ბომბავს „ჰეზბოლას“ პოზიციებს ლიბანში, ეს უკანასკნელი არაერთხელ გააფრთხილა, რომ საომარ მოქმედებებში ფართომასშტაბიანი ჩართვის შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მიიღებს.


