ბორელი: ვერ დავუშვებთ, პუტინმა მარიონეტული მთავრობა დააყენოს კიევში
25/10/2023 06:15:08 მსოფლიო
რუსეთის ომი უკრაინასთან შეიძლება სწრაფად დასრულდეს კიევისთვის დახმარების შეწყვეტით, მაგრამ ევროკავშირს ეს არ სურს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა კონფერენციაზე „ევროპა და მსოფლიო“.
ბორელის თქმით, უკრაინელები დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ თავს რუსული აგრესიისგან და სჭირდებათ ევროპული დახმარება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინაშე.
„არ შეგვიძლია, პუტინს უფლება მივცეთ, დააყენოს მარიონეტული მთავრობა კიევში და განათავსოს რუსული არმია პოლონეთის საზღვარზე“, - თქვა ბორელმა და დასძინა, რომ პუტინი ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, თუ როგორ დაუჭერდნენ მხარს კიევს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები.
ამ თვის დასაწყისში ბორელმა შესთავაზა გრძელვადიანი ვალდებულებების აღება უკრაინას სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად, ასევე ევროკავშირის რესურსების გამოყენება მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავების და რაკეტების მიწოდების მხარდასაჭერად. კერძოდ, მას 2024 წლიდან 2027 წლის ბოლომდე ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს მობილიზება სურს.


