ისრაელის საგარეო უწყება ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდებს
25/10/2023 05:45:58 მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უნდა გადადგეს იმ აღმაშფოთებელი კომენტარებისთვის, რომელიც მან ისრაელთან დაკავშირებით გააკეთა, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა.
მისი თქმით, „მსხვერპლის გვერდში დგომის ნაცვლად, გენმდივანი მსხვერპლს ადანაშაულებს იმ სისასტიკის გამო, რომლის მსგავსი ჰოლოკოსტის შემდეგ არ უნახავთ".
24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.
ისრაელის არმია მე-19 დღეა, ბომბავს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო მიიჩნევს, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს არღვევს.


