
პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
24/10/2023 17:09:38 საზოგადოება
პარლამენტთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებისა და დაკავებულების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დაბრუნებისაკენ მოუწოდებდნენ.
აქციაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ბებუას მშობლები, რომლებსაც კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის: 19 ოქტომბერს "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" განაცხადა, რომ “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”.
20 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ სარეჟიმო დაწესებულება, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა იმყოფება, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად,"ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც აფხაზეთის გამარჯვების წლისთავი აღინიშნებოდა". მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დე ფაქტო ხელისუფლებას ასევე უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ქრისტინე თალაკანძე და ასმათ თავაძე.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ. ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას.
დე ფაქტო სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ასმათ თავაძის საცხოვრებელი სახლიდან საქართველოს პასპორტი, სახელმწიფო სიმბოლიკები – დროშა და შევრონი აღმოაჩინეს. თავაძეს ასევე ედავებიან 10 გრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობას.