მოლდოვაში რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსები დაბლოკეს
24/10/2023 13:37:18 მსოფლიო
მოლდოვის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურმა (SIS) დაბლოკა წვდომა 22 რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურსზე. მიზეზად დასახელდა „საგანგებო მდგომარეობის დროს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსის ცვლილება“.
შეღუდვა შეეხოთ ტელეარხებსა და ინტერნეტ–გვერდებს („როსია 1“, „როსია 24“, პერვი კანალ, НТВ, ТВЦ, „ზვეზდა“, „ცარგრადი“ და ა.შ.), ასევე რადიოსადგურებსა და ონლაინ–გამოცემებს. ბლოკირებული მედიარესურსები რუსეთის ხელისუფლების მიერ არის კონტროლირებული და გამოიყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ასევე პროპაგანდისტული Sputnik Moldova-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი გაადეპორტეს მოლდოვადან. ის სავარაუდოდ, არის რუსეთის სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრის (სამხედრო განყოფილება 54777) კარიერული ოფიცერი, რომელიც GRU-ს ინტერესებიდან გამომდინარე ეწევა რიგ აქტივობებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Sputnik-ს სანქციებისა და ბლოკირების ფონზე მოუწია მისი ზოგიერთი ფილიალის დახურვა ან მუშაობის სერიოზულად რეფორმირება.


