მედია: რუსეთის სამხედრო ბაზებზე "წამების ორმოები" იპოვეს
24/10/2023 10:26:06 მსოფლიო
რუსეთის ორ საწვრთნელ მოედანზე, სადაც მოხალისეებს უკრაინაში გაგზავნამდე წვრთნიან, "წესების დამრღვევებისთვის" საწამებელი ორმოები იპოვეს,– ამის შესახებ ნათქვამია "ვაჟნიე ისტორიის" და Conflict Intelligence Team-ის (CIT) ერთობლივ გამოძიებაში.
საუბარია "ტოტსკის" და "პრუდბოის" პოლიგონებზე, რომელთაგან ერთი ორენბურგის რეგიონში მდებარეობს, მეორე – ვოლგოგრადის რეგიონში.
როგორც იქ სწავლებაგავლილმა პირებმა უამბეს ჟურნალისტებს, საწვრთნელ ბაზებზე სპეციალურად გათხრილი ორმოებია.
„ყველაზე ხმაურიანებს ცემის შემდეგ ქუჩაში გათხრილ ამ ორმოებში ყრიან, ორმოს ზემოდან ხურაბდნენ და ტოვებდნენ. ეს ბიჭები [მოხალისეები] მოედანზე ტრუსებით, ფეხშიშველი გამოჰყავდათ - მათ ამცირებდნენ დანაყოფის მეთაურის ბრძანებით", - უამბო ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
მკვლევარებმა "წამების ორმოების" არსებობის დადასტურება სატელიტური ფოტოების შესწავლით შეძლეს.
ზაფხულში დიმიტრი მედვედევი ეწვია "ტოტსკის" საწვრთნელ ბაზას.
„იმ დღეს პოლიგონზე განთავსებული იყო საწვრთნელი პუნქტები, რომლებიც მან შემოიარა და დაათვალიერა. მას ახალი სამხედრო ტექნიკა აჩვენეს, თუმცა ძველი სტილის ტანკები გვქონდა: სხვა რაიონიდან სამი [ახალი] ტანკი მოგვიტანეს. როდესაც მედვედევი მოვიდა, სატანკო ეკიპაჟებმა მიიღეს ბრძანება, სამი ტანკიდან ათი გაეკეთებინათ. ასე, რომ საწყალი ტანკისტები შეუსვენებლად დარბოდნენ წრეზე, რათა მოეხდინათ ტანკების უფრო დიდი რაოდენობის სიმულაცია“, - ამბობს მოხალისე, რომელიც იმ დროს სასწავლო მოედანზე გადიოდა წვრთნას.


