Kan: ისრაელი რუსეთს "ჰამასის" მხარდაჭერის გამო დაემუქრა
24/10/2023 09:29:53 მსოფლიო
ისრაელმა დიპლომატიური არხებით გაფრთხილება გაუგზავნა რუსეთს "ჰამასის" ქმედებების როგორც ღია, ისე ირიბი მხარდაჭერის გამო, რომელიც პალესტინური ორგანიზაციის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ რუსი პროპაგანდისტებისგან და ჩინოსნებისგან ისმის.
გამოცემა Kan-ის ინფორმაციით, ოფიციალური გაფრთხილება რუსეთს რამდენიმე დღის წინ, მალევე გადაეგზავნა მას შემდეგ, რაც ისრაელის მმართველი პარტია "ლიკუდის" წევრი ამირ რეიტმანი კრემლს "შურისძიებას" დაჰპირდა ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული "ჰამასის" მხარდაჭერის გამო.
"რუსეთის ქცევა, კერძოდ ჰამასის, როგორც ღია, ისე ფარული მხარდაჭერა და ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ქმედებების დაგმობა არ შეესაბამება იმ სერიოზულ ვითარებას, კერძოდ საომარ მდგომარეობას, რომელშიც ისრაელი აღმოჩნდა. აღშფოთებას იწვევს, მათ შორის, საკუთვრივ პრეზიდენტ პუტინის პოზიცია, რომელმაც მიუღებელი უწოდა ღაზას სექტორის ბლოკადას" - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურ გაფრთხილებაში.
როგორც ნოტაშია ხაზგასმული "ჰამასის" დელეგაციები რეგულარულად ჩადიოდნენ მოსკოვში, ხვდებოდნენ მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროს და მის მოადგილე ბოგდანოვს, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობების ჩამოშლის შემდეგ რუსეთი დაუახლოვდა ირანს, რომელიც "ჰამასის" ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. გარდა ამისა, როგორც ნოტაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პალესტინაში სავარაუდოდ, ირანის გავლით რეგულარულად ჩადიოდა რუსული იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების ჩათვლით.
ევრაული მხარე, რომელიც არ მიერთებია რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს, აღშფოთებულია იმითაც, რომ მოსკოვს, ევროკავშირისა და აშშ-ისგან განსხვავებით ამ დრომდე არ უღიარებია "ჰამასი" ტერორისტულ ირგანიზაციად და მეტიც, 2006 წელს პალესტინის ხელისუფლებაში მოსულ ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს.


