Al-Monitor: თურქეთის ხელისუფლებამ "ჰამასის" ერთ-ერთ ლიდერს "კარისკენ მიუთითა"
24/10/2023 09:31:32 მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ "ზრდილობიანად მიუთითა კარისკენ" "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელს ისმაილ ჰანიეს, რომელიც ბოლო წლებში ცხოვრობდა ამ ქვეყანაში. ამის შესახებ Al-Monitor წერს და აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება "ჰამასისგან" დისტანცირებას, იმავდროულად, პალესტინელების დაცვას და ისრაელთან ურთიერთობების გაუარესების თავიდან აცილებას ცდილობს.
როდესაც "ჰამასის" მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ 7 ოქტომბერს, ჰანიე სტამბოლში იმყოფებოდა. როგორც Al-Monitor ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთის ხელისუფლებამ მას სთხოვა, გარემოცვასთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ჰანიე და ტერორისტული ჯგუფის სხვა ლიდერები „მადლიერების ლოცვას“ ასრულებენ, როდესაც უყურებდნენ ახალ ამბებს თავდასხმის შესახებ.
„პალესტინური დაჯგუფებები, მათ შორის, "ჰამასი", უკმაყოფილონი არიან თურქეთის პოზიციით. მათ არც კი დაუბარებიათ ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განუცხადა Al-Monitor ანკარაში პალესტინელმა წყარომ.
წყაროს თქმით, თურქეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა "ჰამასთან" კავშირის გაწყვეტის თაობაზე ძირითადად შეერთებული შტატებიდან მოდის.
თურქეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია ჰანიეს და "ჰამასის" სხვა წარმომადგენლების გაძევება. 21 ოქტომბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერდოღანმა და ჰანიემ ტელეფონით განიხილეს თურქეთის მცდელობები ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ათასობით ადამიანმა გამართა მიტინგები პალესტინის მხარდასაჭერად თურქეთში. ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის მყისიერი დატოვებისკენ მოუწოდა.


