"ჰამასის" დაკავებულმა მებრძოლებმა განაცხადეს, რომ თითოეულ მძევალზე $10000–ს დაჰპირდნენ
24/10/2023 09:18:49 მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა "ჰამასის" ექვსი მებრძოლის დაკითხვის ვიდეო გაავრცელა, რომლებიც მონაწილეობდნენ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში. The Jerusalem Post-ის ცნობით, დაკითხულთა ნაამბობიდან ცნობილი გახდა, რომ ყველა ბოევიკმა ბრძანება მიიღო მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისა და და გატაცების შესახებ, მათ შორის ქალების, ბავშვების და მოხუცების. ერთ-ერთმა დაკავებულმა თქვა, რომ ღაზაში გადაყვანილ თითოეულ მძევალზე ბოევიკებს 10 ათას დოლარს და ბინას დაპირდნენ.
ბოევიკების ნაამბობის მიხედვით, გეგმის თანახმად, მათ უნდა შეენარჩუნებინათ დასახლებულ პუნქტებზე კონტროლი მას შემდეგაც, რაც დაასრულეს ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა და გატაცება. იმავდროულად, "ჰამასის" მეთაურები, რომლებმაც ბრძანებები გასცეს, თავდასხმის დროს ღაზას სექტორში დარჩნენ.
დაკითხულებმა დაადასტურეს, რომ ტერორისტები დატყვევებულ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდნენ, ასევე ცეცხლს უკიდებდნენ სახლებს, რათა ხალხი ეიძულებინა, დაეტოვებინათ თავშესაფრები, სადაც ისინი იმალებოდნენ.
The Jerusalem Post-ის ცნობით, თითოეულ დაკითხულს დაუსვეს კითხვა, უშვებს თუ არა ისლამი იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ. ექვსივემ უპასუხა, რომ არა, რადგან „ისლამი არ უშვებს ქალებისა და ბავშვების მკვლელობას“.
ერთი დღით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ვიდეო კადრები, რომლებიც გადაღებული იყო თავად გარე სათვალთვალო კამერების, ასევე "ჰამასის" ბოევიკების მიერ. კადრებზე ასახულია ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე კიბუცებში და მუსიკალურ ფესტივალზე მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა–ჟლეტა. ჟურნალისტებს ასევე უჩვენეს მოკლული (დამწვარი და დასახიჩრებული) ჩვილების ფოტოები.
მანამდე "ჰამასის" სპიკერმა ლიბანში ალი ბარაკემ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეთაურთა მხოლოდ მცირე ჯგუფი მონაწილეობდა ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში და რომ თავდასხმის ორგანიზატორები თავად არ ელოდნენ, რომ ეს ასე "წარმატებული" იქნებოდა.


