ტრამპმა ორბანს „თურქეთის ლიდერი“ უწოდა და ბაიდენს ურჩია, მას მიბაძოს
24/10/2023 08:15:05 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანს "თურქეთის ლიდერი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორბანი "ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერია". ეს განცხადება ტრამპმა 23 ოქტომბერს ნიუ-ჰემფშირში გამოსვლისას გააკეთა.
„ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერია მთელ მსოფლიოში. ის არის თურქეთის ლიდერი, მეგობრობს როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. რეალურად თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ რაიფ ერდოღანია. თუმცა, ამ ფრაზის შემდეგ ტრამპმა გაიცინა და განაგრძო„ვიქტორ ორბანი უნგრეთის ლიდერია“. ტრამპმა შესთავაზა ბაიდენს, მიბაძოს ორბანს, რომელიც ყველასთან „მეგობრობს“.
ტრამპმა ადრე შეაქო ორბანი, რომელიც ეწინააღმდეგება მიგრაციას, ლგბტქ+ თემს და აქვს კავშირები რუსეთთან. გარდა ამისა, უნგრეთმა არაერთხელ დაბლოკა უკრაინის დახმარების ევროპული ტრანშები. კერძოდ, კიდევ ერთი ბლოკირება მოხდა 23 ოქტომბერს - ბუდაპეშტის გამო, უკრაინამ ჯერ ვერ მიიღო დახმარების პაკეტი 550 მილიონი ევროს ოდენობით. ტრამპი ორბანის მმართველობის სტილს „არალიბერალურ დემოკრატიას“ უწოდებს.
ორბანი გახდა პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც მხარი დაუჭირა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას 2016 წელს და მოუწოდა მას, "განაგრძოს ბრძოლა" მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს თაღლითობისთვის.
„დაბრუნდით, ბატონო პრეზიდენტო. ამერიკა კვლავ დიდებული გახადეთ და მოგვიტანეთ მშვიდობა“, - თქვა ორბანმა ამ წლის დასაწყისში.
როგორც მედია აღნიშნავს, ორბანის კავშირი რუსეთთან და კონკრეტულად პუტინთან ეფუძნება იაფ გაზს და კორუფციულ კონტაქტებს (2022 წლის მსოფლიოში კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უნგრეთი გახდა ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო ევროკავშირში: მან 77-ე ადგილი დაიკავა). მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მედიაზე კონტროლის მეშვეობით ორბანი ახერხებს უნგრეთში კონსერვატიული პროპაგანდის წახალისებას, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინის პროპაგანდას.
2017 წელს The Insider-მა გაარკვია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი ლოიალობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ორბანზე კრიმინალური ავტორიტეტის სემიონ მოგილევიჩის მიერ 90-იანი წლების შუა პერიოდში მოპოვებული კომპრომატები.


