მედია: უახლოეს საათებში "ჰამასმა" შესაძლოა, 50-მდე მძევალი გაათავისუფლოს
24/10/2023 08:03:04 მსოფლიო
რადიკალურმა დაჯგუფება "ჰამასმა" შესაძლოა, დღეს 50-მდე მძევალი გაათავისუფლოს. საუბარია ისრაელის არამოქალაქეებზე და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, – იუწყება ისრაელის არხი i24News.
ჟურნალისტების თქმით, მოლაპარაკებები კატარის შუამავლობით მიმდინარეობს. წითელი ჯვრის მანქანები უკვე მივიდნენ ღაზას სექტორისა და ეგვიპტის საზღვართან, სადაც, სავარაუდოდ, გატაცებულთა გადაყვანა მოხდება.
ორშაბათს ნაშუადღევს ისრაელმა შეაჩერა ღაზას სექტორის დაბომბვა სავარაუდოდ, ტყვეების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. Haaretz-ის ცნობით, "ჰამასის" მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა შესაძლოა, ღაზაში საწვავის მიწოდების აღდგენა იყოს.
საერთო ჯამში, "ჰამასის" მძევლობაში, ბოლო მონაცემებით, 222 ადამიანი იმყოფება. მათ შორის 9 თვიდან 16 წლამდე 30-მდე ბავშვია. 20 ოქტომბერს "ჰამასმა" გაათავისუფლა ორი მძევალი - დედა და ქალიშვილი, რომლებსაც აშშ-ის მოქალაქეობა აქვთ.
23 ოქტომბრის პირველ ნახევარში ისრაელი და "ჰამასი" აგრძელებდნენ ერთმანეთის ტერიტორიების დაბომბვას. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ: უწყების ცნობით, დაიღუპა 5087 ადამიანი, დაშავდა 14000-ზე მეტი. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


