Accentnews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა

24/10/2023 07:08:15 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა. იგი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეხვდება.

გამოცემა AFP საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ემანუელ მაკრონის ვიზიტის მიზანია ისრაელისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისკენ მოწოდება.

მისი ცნობით, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტამდე ისრაელში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.

ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.

ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას ხელს უშლის. მისი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.

ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 24 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 203 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 24 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 5 087 და დაჭრილია 12 000–ზე მეტი ადამიანი.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S