Accentnews.ge
მოსკოვი ერევანსა და ბაქოს "საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაში დახმარებას" სთავაზობს

მოსკოვი ერევანსა და ბაქოს "საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაში დახმარებას" სთავაზობს

24/10/2023 05:40:04 პოლიტიკა

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი დიდწილად დარეგულირებულია, ახლა მხარეებს ურთიერთობების სრული ნორმალიზებისთვის შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა რჩებათ" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "3+3" ფორმატის თეირანის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ორივე მხარე ეთანხმება იმას, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაა, ეს კი მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. ახლა რჩება პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის, უპირველესად - სამშვიდობო შეთანხმების მოსამზადებლად, ასევე საზღვრის დელიმიტაციისა და ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე სატრანსპორტო ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებისთვის, როგორც შეთანხმებული იყო რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლოდერების შეხვედრებზე" - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, უშუალოდ ეს საკითხები "3+3" ფორმატის შეხვედრებზე არ განიხილება, ამისთვის არსებობს მხარეებს შორის შეთანხმებული სხვა არხები და რუსეთს მაკოორდინირებელი როლი აქვს ყველა ამ პროცესში, თუმცა "3+3" პლატფორმა მოწოდებულია პოზიტიური ტენდენციების ჩამოყალიბებისთვის, მთელი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის, ამიტომაც რეალურად ეხმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დარჩენილი საკითხების გადაჭრას".

რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაციის თემას, ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, "საქმით შეუწყოს ხელი ამ პროცესის დაწყებას და ამას რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცალკე შეთანხმება მიეძღვნა".

"სომხებმა და აზერბაიჯანლებმა მოილაპარაკეს, შეიქმნას დელიმიტაციის კომისია, რომელშიც კონსულტანტის სტატუსით რუსული მხარე ჩაერთვება. სამწუხაროდ, ეს კომისია ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეკრებილა და ამასობაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიწყო პროცესში ევროკავშირისა და გარკვეულწილად აშშ-ის ჩაბმის მცდელობები. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი არც ერთი კონტაქტის, რომლებსაც სომხები და აზერბაიჯანლები სასარგებლოდ ჩათვლიან, თუმცა ყველა ექსპერტმა მშვენივრად იცის, რომ დელიმიტაციის საკითხების შესათანხმებლად უკვე მზადაა ყველაფერი, უპირველესად კი - საბჭოთა დროინდელი რუქები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას გააჩნია. ჩვენს პარტნიორებს ეს ესმით, ჩვენ ამისგან დიდ პრობლემას არ ვქმნით - სცადონ ბედი ბრიუსელშიც, თუკი სურთ, თუმცა ჩვენ რეალურად მზად ვართ, დელიმიტაციის პროცესის ხელშეწყობა დავიწყოთ" - დასძინა ლავროვმა.

ცნობისთვის: სომხეთის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ფაქტობრივ ღალატში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S