IDF: ორ კვირაში ტერორიზმისთვის ძებნილი 800 პირი დავაკავეთ
23/10/2023 13:39:44 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ტერორიზმისთვის ძებნილი 800 პალესტინელი დააკავეს, მათ შორის, 500-ზე მეტი "ჰამასთან" დაკავშირებული პირია. ისრაელის არმიის ცნობით, მხოლოდ გასულ ღამეს "ჰამასის" 37 წევრი აიყვანეს.
7 ოქტომბრიდან დასავლეთ სანაპიროზე ყოველდღიურად აპატიმრებენ ეჭვმიტანილებს.
გასული ორი კვირის განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე IDF-ის ძალებსა და პალესტინელებს შორის მრავალი შეტაკება მოხდა. პარალელურად, ისრაელი ინტენსიურად ბომბავს ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებს.
პარალელურად "ჰამასი" რეგიონში მუდმივი დერეფნის შექმნას ითხოვს, რათა თავიდან აიცილონ "ჰუმანიტარული კატასტროფა".
"მიმდინარე ალყამ ჩამოშალა ჰუმანიტარული პირობები და გამოიწვია საკვებისა და მედიკამენტების სერიოზული დეფიციტი. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ღაზას სექტორის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა", - ნათქვამია განცხადებაში.
"ჰამასი" აკრიტიკებს ღაზაში დაშვებული ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდულ რაოდენობას და მოუწოდებს არაბულ, ისლამურ ქვეყნებს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, "გააძლიერონ ძალისხმევა" ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად.
ისრაელი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს და მას შემდეგ განიხილავს ბლოკადის მოხსნას. ბოლო მონაცემებით, მძევლობაში ისრაელიდან გატაცებული 200–ზე მეტი მოქალაქე რჩება.


