
თბილისის რომელ უბანში ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი — საქსტატის მონაცემი
23/10/2023 10:47:45 საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9%–ით არის გაზრდილი.
საქსტატი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%). 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — ბინებზე 15.7%–ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%–ით.
საქსტატის მონაცემებით, ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკეში და საბურთალოზე ღირს. ბინების სეგმენტში მათ მოსდევს ჩუღურეთი, კრწანისი, დიდუბე და ნაძალადევი, კერძო სახლების სეგმენტში კი დიდუბე, ჩუღურეთი, ისანი და ნაძალადევი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბინები ყველაზე იაფი გლდანში, ნაძალადევსა და დიდუბეში ღირს, კერძო სახლები კი კრწანისში, ნაძალადევსა და ისანში.