საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა
23/10/2023 10:26:18 მსოფლიო
საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა. ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 1.5%-ით იკლო და 5 დოლარი და 82 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მიზეზად მსოფლიოს მასშტაბით მიღებული რეკორდული მოსავალი სახელდება: ამგვარ მოსავალს ელიან აშშ–ში, ევროპისა და აზიის რეგიონებშიც. პროგნოზირებულზე 50%–ით მეტი მოსავალი მიიღო რუსეთმაც.
ჭარბი მიწოდება საერთაშორისო ბირჟაზე მარცვლეულის გაიაფებას უწყობს ხელს.
ივლისის მიწურულს ბუშელის ფასი 7.60 დოლარს აღწევდა, რაც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მას შემდეგ ტრეიდერების განწყობა ხორბლის მიმართ რადიკალურად შეიცვალა.


