ნეთანიაჰუ: ისრაელთან ომში ჩართვა "ჰეზბოლასთვის" საბედისწერო შეცდომა იქნება
23/10/2023 07:32:52 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი "ჰეზბოლას" აფრთხილებს, არ გახსნან მეორე ფრონტი ისრაელის წინააღმდეგ. ამის შესახებ ბიბი ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან დაბანაკებულ სამხედროებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩართვა "ჰეზბოლასთვის" "საბედისწერო შეცდომა" იქნება.
ისრაელის პრემიერ - მინისტრის თქმით, "ჰეზბოლას" გააქტიურება ისრაელის უპრეცედენტო საპასუხო დარტყმებს გამოიწვევს, რაც ლიბანს მასშტაბური ნგრევით ემუქრება.
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაძაბულობა იზრდება ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე, რომელსაც ლიბანის მხრიდან ირანის მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" ძალები აკონტროლებენ.
"ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული დასავლური სახელმწიფოების მიერ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ მოკლულია "ჰეზბოლას" 24 მებრძოლი.


