ირანის "მორალის პოლიციამ" კიდევ ერთი გოგო, 16 წლის არმიტა იმსხვერპლა
23/10/2023 07:16:57 მსოფლიო
ირანში, თავსაბურავის "შეუსაბამოდ ტარებისთვის", "მორალის პოლიციის" მიერ ნაცემი 16 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა. არმიტა გერავანდის ფაქტობრივი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს და წერს, რომ "ტვინის სიკვილი უკვე აშკარად დადგა".
მოზარდზე თავდასხმა ოქტომბრის დასაწყისში მეტროში მოხდა. ამის შესახებ უფლებადამცველები იუწყებოდნენ და ვიდეოც გამოაქვეყნეს, როგორ გამოჰყავთ ვაგონიდან გონებადაკარგული მოზარდი. ის თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გოგო დაბალი წნევის გამო დაეცა.
საავადმყოფოში არმიტა გერავანდი კომაში დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ქალი პოლიციელებმა ცემეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა.


