
ელჩი: ისრაელიდან საქართველოში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა
23/10/2023 07:04:49 საზოგადოება
საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა,– ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
მისი ცნობით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს.
„დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები - „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკია.“
აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა, ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა. ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია. ვისაც ისრაელის დატოვების სურვილი აქვს, ტოვებს, ვისაც არა – რჩება",– ამბობს ელჩი და როგორც განმარტავს, ახლა პრობლემა უმუშევრობაა:
"პრაქტიკულად 3 კვირაა, სამუშაოები არ არის და მათ, ვინც ისრაელში სამუშაოდ არიან ჩამოსულები, სამი კვირა უმუშევრობა საკმაოდ აწვებათ კისერზე და ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაემგზავრონ, რადგან მათთვის არ არის ცნობილი როდის განახლდება სამუშაოები.
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვინც არის, 1500-მდეა მათი რიცხვი, ვინც ისრაელი დატოვა. ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრი მოქალაქე და მთლიანად საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა".
ელჩი ამბიბს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტი არსებობს:
"ყოველდღიურად ცხელი ხაზი მუშაობს და რეკავენ სხვადასხვა კითხვით, ძირითადად ნერვიულობდნენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა, რომ საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ქალაქ აშკელონში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც იქ სამუშაოდ არიან, 112 ადამიანი არის რეგისტრირებული, უფრო მეტნი არიან, თუმცა 112 რეგისტრირებულია. ასევე, აშკელონში 13 ქართველი ექიმი მუშაობს და ისინი მუშაობენ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან და დაჭრილები ძირითადად იმ საავადმყოფოში მიჰყავთ,“ - განაცხადა ელჩმა.