The Sun: მესამე მსოფლიო ომის შიშით ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდების ჯგუფი გადაისროლა
22/10/2023 13:03:20 მსოფლიო
ისრაელ - "ჰამასის" კონფლიქტის მესამე მსოფლიო ომში გადაზრდის შიშით ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში 6 სამხედრო ხომალდი, მათ შორის რაკეტმზიდები გადაისროლა, - წერს გამოცემა The Sun.
ამასწინათ ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა განაცხადა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის "ფუნდამენტური გადაჭრა პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება იქნებოდა". მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალოგიური განცხადება გააკეთა და იქვე დასძინა, რომ ისრაელის მიერ "ჰამასის" შეტევის საპასუხოდ ღაზას სექტორზე განხორციელებული იერიშები "თავდაცვის ჩარჩოებს გასცდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთამდე ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სანაპიროებთან სამხედრო ხომალდები გაგზავნეს აშშ-მა და ბრიტანეთმა. გარდა ამისა, პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში 200 საზღვაო ქვეითი გადასხა, გამანადგურებლების დაჯგუფება გააძლიერა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დამატებითი კომპლექსები განათავსა.
ამავდროულად ვაშინგტონმა ყატარში, ომანსა და ჩინეთში შუამავლების მეშვეობით მკაცრად გააფრთხილა ირანი კონფლიქტის ესკალაციისა და მასში ჩაბმის დაუშვებლობის თაობაზე.
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ამასწინანდელი ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთის პრინცს მუჰამედ ბენ სალმანს შეხვდა, მოგვიანებით კი ლიბანი გააფრთხილა ომში ჩაბმის დაუშვებლობის თაობაზე.
ცნობისთვის: ისრაელმა "ჰამასის" გასანადგურებლად ღაზას სექტორში მაშტაბური სახმელეთო ოპერაცია დააანონსა. ამასთან, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ ქვეყანა რეგიონში "უსაფრთხოების ახალ რეჟიმს" ჩამოაყალიბებს და პალესტინურ ანკლავზე პასუხისმგებლობას მოიხსნის.


