ფინეთი ეჭვობს ჩინეთის მონაწილეობაზე ბალტიის ზღვაში გაზსადენის აფეთქებაში
20/10/2023 19:47:59 მსოფლიო
ფინელი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ჩინური გემი Newnew Polar Bear მონაწილეობდა ბალტიის ზღვაში Balticconnector გაზსადენის აფეთქებაში. ამის შესახებ გამოძიების ეროვნული ბიურო (NBI) იტყობინება.
წინასწარი გამოძიების დროს ფინეთის პოლიციამ დაადგინა, რომ ჰონგ –კონგის დროშის ქვეშ მცურავი ჩინური გემის Newnew Polar Bear მარშრუტი შეესაბამება გაზსადენის დაზიანების დროსა და ადგილს. გამოძიება აპირებს ითანამშრომლოს ჩინეთის ხელისუფლებასთან, რათა დაზუსტდეს გემის შესაძლო როლი ინციდენტში. ამ საკითხით ჩინეთში ფინეთის პოლიციის წარმომადგენელია დაკავებული.
ასევე, გამოძიების ფარგლებში, დაზიანებულ გაზსადენთან მძიმე ობიექტი აღმოაჩინეს. იგი მდებარეობს ზღვის ფსკერზე მნიშვნელოვან სიღრმეზე და ამჟამად მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. გარდა ამისა, ტექნიკური გამოძიების შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ გაზსადენის დაზიანება გამოწვეული იყო გარე მექანიკური ძალით.
გამოძიების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მძიმე ობიექტის ამოწევა შემდგომი ანალიზისთვის.
8 ოქტომბრის ღამეს ფინეთ-ესტონეთის გაზსადენზე Balticconnector-ზე აღმოაჩინეს გაჟონვა, რასაც თან ახლდა ესტონეთსა და ფინეთს შორის წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება. დაზიანება მოხდა ფინეთის ეკონომიკურ ზონაში, ხოლო კაბელის დაზიანების ადგილი ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში იყო.


