WSJ: სპეციალიზებულმა უკრაინულმა დანაყოფებმა შეძლეს, მნიშვნელოვნად შეერყიათ რუსეთის საცეცხლე ძალის უპირატესობა
20/10/2023 18:48:27 მსოფლიო
უკრაინის არმია იძულებულია, ფოკუსირდეს რუსულ არტილერიასთან ბრძოლაზე, რომელიც აფერხებს ქვეითი და მექანიზებული ფორმირებების წინსვლას. დასავლური საარტილერიო უფრო ზუსტი და ეფექტური სისტემების წყალობით, ასევე სადაზვერვო დრონების და რადარის გამოყენებით, სპეციალიზებულმა უკრაინულმა დანაყოფებმა შეძლეს, მნიშვნელოვნად შეერყიათ რუსეთის საცეცხლე ძალის უპირატესობა, წერს The Wall Street Journal.
Journal of the American College of Surgeons–ის მონაცემებით, უკრაინის არმიის საბრძოლო დანაკარგების დაახლოებით 70% მტრის საარტილერიო დარტყმებით აიხსნება. გასულ ზაფხულს რუსული შენაერთები დღეში 5-10-ჯერ მეტ ჭურვს ისროდნენ, ვიდრე უკრაინული. დასავლური იარაღის მიწოდების და ზამთარში და გაზაფხულზე რუსულ ჯარში საბრძოლო მასალის შევსების კუთხით შექმნილი პრობლემების შედეგად, განსხვავება რამდენჯერმე შემცირდა. ახლა, ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, მიღწეულია პარიტეტთან მიახლოებული მდგომარეობა.
"ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური დაპირისპირება", - ამბობს მაიკლ კოფმანი, სამხედრო ანალიტიკოსი კარნეგის ფონდიდან, რუსეთისა და უკრაინის არმიების სპეციალისტი და განაგრძობს, ”და რადგან ომის მიმდინარეობა დიდწილად განისაზღვრება არტილერიის ეფექტური გამოყენებით, ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა [ომის] ჩვენს თვალწინ ვითარდება.”
WarSpotting–ის მონაცემებით, რომელიც თვალს ადევნებს დოკუმენტირებულ დანაკარგებს ორივე მხრიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინული კონტრშეტევა დაიწყო ივნისში, განადგურდა 177 ერთეული რუსული იარაღი და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. ზაპოროჟიეს რეგიონში, რომელიც გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მთავარი მიმართულება, განადგურდა 92 ერთეული რუსული საარტილერიო ტექნიკა 19 უკრაინულის წინააღმდეგ.
”როდესაც ჩვენ ვანადგურებთ მტრის ქვეითებს, ვიცით, რომ ადრე თუ გვიან სხვები გამოჩნდებიან,” - განუცხადა WSJ-ს ქვედანაყოფის მეთაურმა, რომელიც სარადარო სადგურს ემსახურება, "და თუ ჩვენ ვანადგურებთ საარტილერიო ტექნიკას, მაშინ შედარებით სიმშვიდეს უზრუნველვყოფთ ფრონტის ამ მონაკვეთზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში".


