ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის მიერ ATACMS-ის გამოყენება რუსეთს ბაზების გადატანას აიძულებს
20/10/2023 08:02:06 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით ATACMS ოკუპირებულ ლუგანსკსა და ბერდიანსკში რუსულ აეროდრომებზე დარტყმების შემდეგ რეალურად მიიჩნევს შესაძლებლობას, რომ რუსეთი იძულებული იქნება, ოპერატიული ბაზები და მართვის პუნქტები ფრონტის ხაზიდან მოშორებით გადაიტანოს.
ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მასშტაბი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, დიდი ალბათობით, ბერდიანსკში განადგურებულია რუსეთის 9 ვერტმფრენი და ლუგანსკში - 5, რუსეთის სამხედრო მრეწველობის გადატვირთულობის გათვალისწინებით კი, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამ დანაკარგის ანაზღაურება რთული იქნება.
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, "ეს დარტყმები რუს მფრინავებსა და მექანიკოსებზე დამატებითი ზეწოლა იქნება, რომლებიც ისედაც გამოფიტული არიან და ტექნიკური მომსახურების პრობლემებს განიცდიან".
გამოცემა The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის არმიამ პირველად გამოიყენა 160 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ამერიკული რაკეტები ATACMS. 17 ოქტომბერს, საღამოს ეს დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ოფიციალურად სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან მიღებული აქვს ამ ტიპის რაკეტები, რომლებსაც კიევი დიდი ხანის განმავლობაში ითხოვდა.


