Accentnews.ge
ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარს სთხოვს

ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარს სთხოვს

20/10/2023 05:10:43 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარს სთხოვს. ბაიდენმა ეს ამერიკელებს თეთრი სახლიდან სატელევიზიო მიმართვისას აცნობა.

ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ვერ დაუშვებს და არ დაუშვებს, რომ „ჰამასის“ მსგავსმა ტერორისტებმა და პუტინის მსგავსმა ტირანებმა გაიმარჯვონ. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, „ჰამასი“ და პუტინი სხვადასხვა ტიპის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ ის აერთიანებთ, რომ მეზობელი დემოკრატიული ქვეყნების მთლიანად განადგურება უნდათ.

როგორც მან აღნიშნა, ისრაელისა და უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც და მათ დასახმარებლად გაწეული ხარჯის შედეგად ამერიკელების თაობები მიიღებენ დივიდენდებს უსაფრთხოების სახით.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ როცა ტერორისტები და დიქტატორები ტერორისა და აგრესიისთვის საფასურს არ იხდიან, უფრო მეტი ქაოსი, ნგრევა და სიკვდილი მოაქვთ.

ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ პუტინს არ შეაჩერებენ, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და სხვა ქვეყნების დაპყრობასაც მოინდომებს.

ამერიკელებისადმი მიმართვისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთმანეთისგან გამიჯნა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ და პალესტინელი ხალხი და განაცხადა, რომ უარი არ უნდა ითქვას ორი სახელმწიფოს - ისრაელის და პალესტინის თანაარსებობის იდეაზე, რადგან ისრაელი და პალესტინელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ ცხოვრებას.

ცნობისთვის: შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუსახელებია თანხა, რომელსაც ისრაელისა და უკრაინისთვის კონგრესისგან ითხოვს. ამერიკული მედიის ცნობით, საუბარია 100 მილიარდ დოლარზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს.

ჯო ბაიდენმა თანხის დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ფინანსური პაკეტი მოიცავს უპრეცედენტო დახმარებას ისრაელისთვის და აშშ იზრუნებს, რომ რეგიონში მტრულად განწყობილმა ძალებმა იცოდნენ, რომ დღეს ისრაელი იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ბაიდენის თქმით, ფინანსურმა პაკეტმა, რომელსაც კონგრესს სთავაზობს, უნდა უზრუნველყოს უკრაინის მიერ რუსეთის აგრესიისთვის შემდგომი წინააღმდეგობის გაწევა. პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინისთვის იარაღის შეუფერხებლად მიწოდებისთვის და ამერიკელებს განუმარტა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდიან შეერთებული შტატების არსენალიდან, კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხით კი, იარაღით საკუთარ საწყობებს შეავსებენ.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის და ისრაელის დასახმარებლად დამატებითი დაფინანსებისთვის კონგრესს ოფიციალურად დღეს, 20 ოქტომბერს მიმართავს იმ ფონზე, როცა კონგრესის ქვედა პალატა სპიკერის გარეშეა და ამის გამო საკანონმდებლო საქმიანობა პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან 3 ოქტომბერს გადაყენებული კევინ მაკართის შემცვლელი ამ დრომდე არ აურჩევიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S