ჯო ბაიდენი: ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ
20/10/2023 05:03:17 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს.
„ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ : ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდესაც მან ამერიკელებს ოვალური კაბინეტიდან საჯაროდ სიტყვით მიმართა.
ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა.
მისი თქმით, ისრაელისა და უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც და მათ დასახმარებლად გაწეული ხარჯის შედეგად ამერიკელების თაობები მიიღებენ დივიდენდებს უსაფრთხოების სახით.
"ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და ნგრევას“, – დასძინა მან.
ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ პუტინს არ შეაჩერებენ, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და სხვა ქვეყნების დაპყრობასაც მოინდომებს.
ამერიკელებისადმი მიმართვისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთმანეთისგან გამიჯნა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ და პალესტინელი ხალხი და განაცხადა, რომ უარი არ უნდა ითქვას ორი სახელმწიფოს - ისრაელის და პალესტინის თანაარსებობის იდეაზე, რადგან ისრაელი და პალესტინელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ ცხოვრებას.


