ნეთანიაჰუ: ეს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც არის
19/10/2023 11:52:06 მსოფლიო
"ეს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც არის", – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ რიში სუნაკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
რიში სუნაკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ისარელის გვერდით დგას.
„მე ვამაყობ, რომ აქ თქვენთან ერთად ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს ვდგავარ. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“, - განუცხადა სუნაკმა ნეთანიაჰუს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას ხელს უშლის. მისი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 19 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილთა რაოდენობა 4 229–მდე გაიზარდა. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 199 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 19 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 3 785 და დაჭრილია 12 500 ადამიანი.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.


