გასართობი და ანონიმური FB გვერდების დასპონსორებული კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

19-10-2023 15:42:35 საზოგადოება ,მითები და რეალობა

2023 წლის იანვრიდან სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფეისბუკ გვერდების ქსელი, რომელიც დასპონსორებული პოსტების საშუალებით ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს. ფეისბუკ გვერდები, ე.წ. მიმების (memes) გამოყენებით დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს. გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუკის პოლიტიკური რეკლამირების წესების თანახმად, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამის განმთავსებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ყოველ დაფინანსებულ რეკლამაზე (Paid for by). გარდა ამისა, პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც რეკლამის სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. მიუხედავად ამ წესებისა, გამოვლენილ ფეისბუკ გვერდებს, რომლებიც რეკლამას ქართულ აუდიტორიაზე ავრცელებდნენ, სხვა ქვეყანა აქვთ მითითებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი ქვეყანას საერთოდ არ უთითებენ. გარდა ამისა, ამ გვერდების რეკლამების ბიბლიოთეკაში არ არის აღნიშნული, თუ ვის მიერ არის გადახდილი რეკლამის ფული და ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე. ასევე, აღნიშნული ფეისბუკ გვერდები ზოგიერთ შემთხვევაში დეზინფორმაციის შემცველ პოსტებსაც ავრცელებენ.

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად 7 საეჭვო ფეისბუკ გვერდი გამოვლინდა, რომლებიც შემდეგი ტაქტიკით მოქმედებენ:

  • თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება;
  • ფეისბუკ გვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს;
  • ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი;
  • 7 ფეისბუკ გვერდიდან სამს ადგილსამყოფელად უკრაინა და უკრაინული ნომერი აქვს მითითებული;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული;
  • დომენი @kuromail.cc, რომლითაც ორ ფეისბუკ გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტა სრულდება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს “სოციალური ქსელის ანგარიშების ფერმასთან”, რომელსაც სხვადასხვა მიზნით – სოციალური მედიის მენეჯმენტის ან თაღლითობისთვის იყენებენ.

18 ოქტომბრის მონაცემებით, “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი შვიდი გვერდიდან სამი დეაქტივირებულია, ხოლო ოთხი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

Programming Natural-ისა და Marketing Funny-ს შესახებ

ფეისბუკ გვერდებმა Programming Natural და Marketing Funny 2023 წლის მარტში გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელზეც ეკლესიის წინ დანთებული ცეცხლი, იქვე რამდენიმე ათეული ადამიანი ფერადი დროშებით ხელში, სახლების ნანგრევები და ევროკავშირის დროშები ჩანს. აღსანიშნავია, რომ პოსტებს იდენტური აღწერა ჰქონდათ. აღწერის თანახმად, ეს ფოტოები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Midjourney-მა მას შემდეგ დააგენერირა, რაც სთხოვეს, ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა საქართველო 2050 წელს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდებოდა. 2023 წლის აპრილში ამ გვერდების მიერ გავრცელებული პოსტები ფეისბუკ გვერდმა “მართლმადიდებლური გვერდი” რეალურ ამბად წარმოადგინა და ამტკიცებდა, თითქოს ფოტოზე აღბეჭდილი ეკლესია უცხოეთში მდებარე მართლმადიდებლური ტაძარი იყო.

ფეისბუკ-გვერდი Programming Natural 2023 წლის 26 იანვარს შეიქმნა და გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიას წარმოადგენს. გარდა ამისა, გვერდზე მისამართად უკრაინა, ხარკივის ოლქის ერთ-ერთი სოფელია მითითებული, ტელეფონის ნომერსაც უკრაინული კოდი აქვს, ხოლო Melanija Isaeva-ს სახელით მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი ლატვიურია.

ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში Programming Natural-ის მიერ აპრილსა და მარტში დასპონსორებული რამდენიმე პოსტი ჩანდა, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ ე.წ. მიმებს წარმოადგენდა, თუმცა უშუალოდ გვერდის “თაიმლაინზე” ეს პოსტები დამალული იყო.

ფეისბუკ გვერდი Programming Natural ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებზე იდენტური პოსტი მის მსგავს გვერდზე Marketing Funny-ზე გამოქვეყნდა. Programming Natural-ის მსგავსად, Marketing Funny-ს მისამართადაც უკრაინა, ამჯერად ხერსონის ოლქია მითითებული და ტელეფონის ნომერსაც უკრაინის კოდი აქვს. ამ ეტაპზე არც Marketing Funny არის ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ Marketing Funny-საც იდენტური, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოსტები ჰქონდა დასპონსორებული, რომლებიც ევროსკეპტიციზმს აღვივებდა და ამკვიდრებდა გზავნილს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღება არარეალურია.

Crazy World-ის შესახებ

ფეისბუკ-ანგარიში Crazy World (არქივის ბმული) ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის მასალას ავრცელებს. გვერდი 2023 წლის 14 ივნისს არის შექმნილი, კატეგორიაში მუსიკოსი/ბენდი აქვს მითითებული, მისამართის ველში – ლოს ანჯელესი, კალიფორნია. აღსანიშავია ისიც, რომ ამ გვერდის მიერ გავრცელებული მიმები მის პირად გვერდსა და ფოტოების სექციაში არ იძებნება, თუმცა, Ad Library-ში გადასვლით ვარკვევთ, რომ გვერდს გამოქვეყნებული და დასპონსორებული აქვს ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის მიმები. გვერდის მიერ დასპონსორებულ ფოტოებში აქცენტი იმაზეა გაკეთებული, თუ როგორ არ მიიჩნევენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსად ევროპის ქვეყნები და როგორ ელოდება ლგბტქი საზოგადოება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა შემდეგ თბილისში “გეი აღლუმი” გამართონ.

Marketing Sanctuary-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი Marketing Sanctuary 2023 წლის 26 თებერვალს შეიქმნა. გვერდს კატეგორიაში სავაჭრო სერვისი აქვს მითითებული. გარდა ამისა, გვერდზე მისამართად უკრაინა, ჩერნივიცის ოლქი არის მითითებული და აქვე გამოქვეყნებულ ტელეფონის ნომერსაც უკრაინული კოდი (+380) აქვს. აღსანიშნავია, რომ Marketing Sanctuary-ის აღწერაში ელექტრონული ფოსტის მისამართი (ajana.nikitina591999@kuromail.cc) არის მითითებული.

ფეისბუკ გვერდის Marketing Sanctuary-ის სიახლეების ველში ერთი მიმი და რამდენიმე პოსტი გვხვდება. მიმის თანახმად, საქართველოს მომავალი ევროკავშირში გეების, ტრანსგენდერებისა და ლგბტქი საზოგადოების მიმართ ტოლერანტობას გულისხმობს. გვერდზე გამოქვეყნებულილ სხვა პოსტებში კი რუსულ ენაზე სამოტივაციო ფრაზებია წარმოდგენილი (Ты можешь быстрее — предела нет. Знай, ты можешь — будь уверен. Хватит попыток — просто бей!). ამავე გვერდის დასპონსორებული მიმები ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება. მაგალითად, ირონიულად ერთმანეთს შედარებულია ევროკავშირში გაწევრიანების “მცირე” სიკეთე და ის “გრძელი სია”, რომელიც ქვეყანამ მასში გაწევრიანებისთვის უნდა შეასრულოს. მიმებში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის ქვეყნები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ღირსად არ მიიჩნევენ და რომ ევროპის კავშირში გაწევრიანების შემდეგ ლგბტ საზოგადოება თბილისში “გეი აღლუმს” ჩაატარებს.

Marketing Sanctuary-ის სექტემბერში გამოქვეყნებული ორი მიმი იდენტურია Crazy World-ის ანტიევროპული მიმების, რომელსაც გვერდი აგვისტოში არეკლამებდა.

Bautista-ს შესახებ

ფეისბუკ გვერდი Bautista 2023 წლის 10 მარტს შეიქმნა და ამ დროისთვის 28 გამომწერი ჰყავს (არქივი). გვერდს კატეგორიების ნაწილში ფილმის პერსონაჟი აქვს მითითებული. ფეისბუკ გვერდზე მხოლოდ პროფილისა და გარეკანის ფოტოების ატვირთვის პოსტი გვხვდება, თუმცა რეკლამების ბიბლიოთეკაში Bautista-ს მიერ დასპონსორებული პოსტები იძებნება. როგორც სხვა გვერდების შემთხვევაში, Bautista-ს მიმების შინაარსიც ანტიდასავლურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ისახავს მიზნად. მათ შორის ერთ-ერთი მიმი ავრცელებს გზავნილს, თითქოს დასავლეთი რევოლუციებს აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ გვერდის მიერ ერთ-ერთი დასპონსორებული ვიდეო სექტემბერში “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუკ მომხმარებელმა (ვერა-ციცინო ხარაბაძე) ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა. ანიმაციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კარიკატურული პერსონაჟი თავის გეგმებს “ამხელს”. ანიმაცია ინგლისურად არის გახმოვანებული, თუმცა მას ქართული ტიტრები აქვს დართული, სადაც როგორც ორთოგრაფიულ, ასევე მორფოლოგიურ და სინტაქსურ შეცდომებს ვხვდებით:

“გამარჯობა, მე მიშა ვარ და მოგიყვებით რას გავაკეთებ უახლოეს მომავალში. მე და ჩემმა დიდი ხნის მეგობრებმა, რომლებიც ახლა თავისუფლებაზე არიან, მივიღეთ ჩვენი კოლეგების შემოთავაზება, აშშ-სა და ევროპის კავშირიდან და გადავწყვიტეთ მეორე ვარდების რევოლუციის მოწყობა. უახლოეს დროშო ჩვენ დავიწყებთ მოვლენათა რიგს, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამხობისკენ მიიყვანს. ჩემო ძვირფასო სალომე, გამაგრდი, მალე ყველაფერი ეიცვლება და ჩვენ ისევ ვივლით ერთად ამერიკელ ბატონებთან, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ვიღაც დაშავდება. მაგრამ ქართველები ძლიერი ერია. ერთი შერყევით მეტი, ერთით ნაკლები – ისინი ყველაფერს მოითმენენ. ჯერ ხომ ჩემი სჯერათ!”.

9 სექტემბერს ფეისბუკ-გვერდმა Bautista გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ “ძლიერმოქმედი ნივთიერებით” გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში ცხოვრობდა და რამდენიმე დღით ადრე სამსახურში მისი ეროვნების გამო ბულინგზე წერდა. რეალურად, Manchester Evening News-ის სახელით გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი “მითების დეტექტორმა გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ყალბია.

Cool move-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდს Cool move, რომელიც ამ დროისთვის წაშლილია, გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტი, რომელშიც ასევე ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებოდნენ, როგორი ამბები გამოქვეყნდებოდა ქართულ მასმედიაში 2050 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროპული საზოგადოების ნაწილი გახდებოდა. როგორც სხვა გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების შემთხვევაში, ამ პოსტსაც თანდართული აქვს ფოტოები, რომელზედაც ფერადი დროშებით ხელში ადამიანები ჩანან.

ამავე ფეისბუკ გვერდის დასპონსორებულ პოსტებში ვხედავთ მიმებს, რომლებშიც აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ უიმედოდ ელოდება საქართველო ევროკავშირის წევრობას და დასავლეთისგან მხოლოდ ფუჭი დაპირებების ტალღას იღებს.

Coco Kaewchay-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი Coco Kaewchay (არქივი 1; 2) 2023 წლის 24 აპრილს შეიქმნა. გვერდს კატეგორიაში Beauty, cosmetic & personal care (სილამაზე, კოსმეტიკა & პირადი მოვლა) აქვს მითითებული. Coco Kaewchay-ის “თაიმლაინზე” მხოლოდ პროფილისა და გარეკანის ფოტოს შეცვლის შესახებ პოსტები გვხვდება და დასპონსორებული პოსტები, რომელთა ხილვაც რეკლამების ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი, Coco Kaewchay-ის პროფილზე ხელმისაწვდომი არაა.

სხვა გვერდებისგან განსხვავებით, Coco Kaewchay-ს გვერდი ამ ეტაპზე ე.წ. მიმებს არ არეკლამებს, თუმცა მისი ანტიდასავლური შინაარსით, კატეგორიზაციითა და მოქმედების ტექნიკებით მსგავსია “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ დანარჩენ ექვს გვერდთან.

ფეისბუკ გვერდ Coco Kaewchay-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში ერთი რეკლამა გვხვდება, თუმცა რეკლამის დეტალებზე გადასვლის შემდეგ ვიგებთ, რომ მას სამი ვერსია აქვს.

რეკლამებზე გვხვდება საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის დროშების, ასევე პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ფოტოები, რომელთაც შემდეგი ტექსტები ახლავს თან:

“მარიონეტად ცხოვრება თუ თავისუფლად დარჩენა? შენი გადასაწყვეტია! მიეი ხმა!”;“არ ვიყოთ ახალ კოლონიად, რომელსაც იყენებენ! დავიცვათ ჩვენი თავისუფლება! მიეცი ხმა!”;“ხმა მიეცი დამოუკიდებელ საქართველოს! შენმა ხმამ შეიძლება, ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს”.იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ბმულზე გადავალთ, Manifest.ge-ზე პეტიციაზე (არქივი) “საქართველოს კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის აუცილებლობის დებულებების გამორიცხვის შესახებ” ხელის მოსაწერი გრაფა გამოგვიჩნდება.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ ევროპის კავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესრულების აუცილებლობის შესახებ 2022 წელს მისი მოლდოვასა და უკრაინისთვის მინიჭების ფონზე, უსამართლო გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციას აძლიერებს და საქართველოს თოთოეული მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს.

პეტიცია საქართველოს კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის აუცილებლობის დებულებების გამორიცხვის შესახებ ანანო წილოსანმა შექმნა, რომელიც manifest.ge-ზე 2023 წლის 6 ოქტომბერს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ manifest.ge-ზე რეგისტრაცია ნებისმიერი სახელისა და გვარის მქონე პირისთვის, ნებისმიერი ელექტრონული ფოსტით არის შესაძლებელი.

წყარო: mythdetector

ახალი ამბები

სხვა სიახლეები