ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი, "რაფაჰის" გავლით, სავარაუდოდ, 20 ოქტომბერს შევა
19/10/2023 08:01:20 მსოფლიო
ეგვიპტემ გამოაცხადა დერეფნის გახსნა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა ეგვიპტის თანხმობის შესახებ, სატვირთო მანქანები შეუშვას ღაზაში. იმავდროულად, ეგვიპტე უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე.
"ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე რაფაჰის ტერმინალის გავლით", - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის სპიკერმა აჰმედ ფაჰმიმ. მან არ დააკონკრეტა, როდის დაიწყება ტვირთის მიწოდება.
ცოტა ხნით ადრე, ისრაელიდან შეერთებულ შტატებში მიმავალ თვითმფრინავში, ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი მასთან სატელეფონო საუბარში დათანხმდა 20-მდე სატვირთოს გატარებაზე.
„თუ "ჰამასი" მოახდენს ტვირთის კონფისკაციას ან არ გაატარეს მანქანებს, მაშინ ყველაფერი შეჩერდება“, - თქვა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, დიდი ალბათობით, პარასკევს გაივლიან, რადგან სატრანსპორტო საშუალების გასასვლელად დერეფნის „დალაგებაა“ საჭირო.
ბაიდენმა განმარტა, რომ გაეროს წარმომადგენლები განახორციელებენ დახმარების განაწილებას ღაზაში. ჩრდილოეთ სინაის წითელი ნახევარმთვარის ფილიალის ხელმძღვანელმა ხალიდ ზაიდმა ადრე თქვა, რომ ეგვიპტის მხარეს რაფასთან 200-ზე მეტი სატვირთო მანქანაა სამი ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარებით.
ისრაელიდან ღაზაში გატაცებული ებრაელების ოჯახები აღაშფოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების - საკვების, წყლის და მედიკამენტების - ეგვიპტიდან ღაზას სექტორში შესვლა, იუწყება Times of Israel.
მათ მიაჩნიათ, რომ ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა შევიდეს რეგიონში მძევლების გათავისუფლებამდე. ბოლო მონაცემებით, "ჰამასის" მძევლობაში 200-მდე ადამიანს იყოფება. ცნობილია, რომ კატარი და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათ გათავისუფლებაზე.


