
ბოლო სამ თვეში რეადმისიის ფარგლებში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს
19/10/2023 06:44:43 საზოგადოება
ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) რეადმისიის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1070 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი - 696 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (136), შვეიცარია (48); საბერძნეთი (33); ესპანეთის (26); პოლონეთი (30); იტალია (21); ჰოლანდია (15); ავსტრია (13).
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.