ნეთანიაჰუმ აშშ–ის სამხედრო დახმარების "უპრეცედენტო პაკეტის“ შესახებ განაცხადა
18/10/2023 18:10:55 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში აშშ–ის სამეხდრო დახმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ ისრაელს „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაეხმარება.
ნეთანიაჰუმ ასევე ახსენა ღაზას სექტორში, საავადმყოფოზე თავდასხმა. პოლიტიკოსის თქმით, მან აშშ–ის პრეზიდენტს ჯერ კიდევ ისრაელში ჩასვლამდე აჩვენა მტკიცებულება იმისა, რომ საავადმყოფოს აფეთქების უკან "პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ დგას".
მისი თქმით, ისრაელი „ყველა გზით“ მუშაობს მძევლების გასათავისუფლებლად, წითელ ჯვარს მათი მონახულების შესაძლებლობა უნდა მიეცეს და დასძინა, რომ მძევლების გათავისუფლებამდე ისრაელი ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ დახმარებას არ გაატარებს.
ცნობილია, რომ მძევლების თაობაზე "ჰამასთან" მოლაპარაკებებს კატარი და თურქეთი აწარმოებენ.
ისრაელის სამხედროებმა ოთხშაბათს დილით გამოაქვეყნეს სატელიტური სურათები, ვიდეო და, სავარაუდოდ, "ჰამასის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების ჩანაწერები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საავადმყოფოში აფეთქება მომხდარა არა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, არამედ ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, რომელმაც კურსი იცვალა და ჩამოვარდა. კონკრეტულად, საუბარია "ისლამურ ჯიჰადზე", რომელიც "ჰამასის" მოკავშირეა, მაგრამ არაა მის დაქვემდებარებაში.
ამ აფეთქებას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჯო ბაიდენი ისრაელში დღეს იმყოფებოდა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა ქვეყანას.


