აშშ-მა ისრაელისა და ღაზას შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო
18/10/2023 17:51:12 მსოფლიო
18 ოქტომბერს აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა მოწოდებას ე.წ ჰუმანიტარული პაუზისკენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების დროს, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა მოხერხდეს.
პროექტს 18 ოქტომბერს 12 წევრი მიემხრო, თავი შეიკავეს რუსეთმა და ბრიტანეთმა.
ბრაზილიის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის კენჭისყრა ორჯერ გადაიდო ბოლო დღეებში, ვიდრე აშშ ღაზას სექტორში დახმარების შეტანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
„ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და მძიმე დიპლომატიურ სამუშაოს ვასრულებთ“ განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა და დასძინა, „ვფიქრობ, უნდა მივცეთ ამ დიპლომატიას შესაძლებლობა, თავი გამოიჩინოს“.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ იმედგაცრუებული დარჩა, რომ რეზოლუციის პროექტში არ იყო მოხსენიებული ისრაელის უფლება თავდაცვაზე და ჰუმანიტარული კრიზისში ბრალი „ჰამასს“ დასდო.
გაეროს გენერალური მდივანი მოწოდებით გამოვიდა, დაუყოვნებლივ მოხდეს „ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტა“ მძევლების განთავისუფლების მიზნით და ღაზას სექტორში ტვირთის შესატანად.
აშშ-ის ვეტო გააკრიტიკეს რუსეთმა და ჩინეთმა.


