სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
18/10/2023 15:53:50 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, ლავროვი, რომელიც ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა, მოლაპარაკებებს გამართავს თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი ფხენიანს პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს. შესაძლოა განიხილონ პუტინის პოტენციური ვიზიტიც ჩრდილოეთ კორეაში.
გასულ კვირას თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ათასზე მეტი კონტეინერით გადასცა რუსეთს.
როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოების სერია, როგორც მტკიცებულება სამხედრო ტვირთის გადატანის ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე. ვაშინგტონის ცნობით, ეს მოხდა 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
„ჩვენ ვგმობთ კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის რუსეთისთვის ამ სამხედრო ტექნიკის გადაცემას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და რუსეთთან არალეგიტიმური ომის წარმოებისთვის“, - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაფართოება საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთს „სრული და უპირობო მხარდაჭერა“ აღუთქვა სექტემბერში. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი ომში გაიმარჯვებს და მას "წმინდა ბრძოლა" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას "ბევრი საინტერესო პროექტი" აქვთ, მაგრამ სამხედრო თანამშრომლობაზე არ უსაუბრია.


