პუტინი: რუსული მიგ-31–ები შავი ზღვის თავზე მუდმივ პატრულირებას განახორციელებენ
18/10/2023 14:39:54 მსოფლიო
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მიგ-31–ები დაიწყებენ შავი ზღვის საჰაერო სივრცის „მუდმივ პატრულირებას“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თვითმფრინავები შეიარაღებულია "კინჯალის" ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემებით. როდესაც ამ ტიპის თვითმფრინავები ფრინდება, როგორც წესი, უკრაინაში საჰაერო განგაში ცხადდება შესაძლო თავდასხმის თაობაზე მოქალაქეების გაფრთხილების მიზნით.
პუტინმა თქვა, რომ პატრულირების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს იმით ახსნა, რომ შეერთებული შტატებს, მისი აზრით, სულ უფრო მეტად „ითრევენ კონფლიქტში“ უკრაინაში და ასევე გაგზავნა ორი ავიამზიდი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში, რაც დაკავშირებულია ისრაელისა და "ჰამასის" კონფლიქრთან, რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს.
„ჩვენ ვიზუალურ კონტროლს განვახორციელებთ, იარაღით ვაკონტროლებთ იმას, რაც ხდება ხმელთაშუა ზღვაში“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ პუტინის განცხადება სავარაუდოდ, დაძაბულობის გაზრდას ისახავს მიზნად, მაგრამ ძირეულად არაფერს ცვლის:
„ტექნიკური თვალსაზრისით, Kh-47 "კინჯალის" აერობალისტიკური რაკეტის მახასიათებლები რუსეთს საშუალებას აძლევს, გაუშვას ის უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ჩრდილოეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. შავი ზღვა უბრალოდ კიდევ ერთი მიმართულებაა. ამავდროულად, რუსული ავიაცია უკვე ყოველდღიურად პატრულირებს იქ საჰაერო სივრცეში, მათ შორის, გამანადგურებლებითა და სადაზვერვო თვითმფრინავებით“, - აღნიშნა იგნატმა.
ამასთან, სპიკერის თქმით, პუტინის განცხადება შესაძლოა, მიმართული იყოს ნატოს ქვეყნებისადმი, რომლებიც პოტენციურად მოხვდნენ "კინჟალის" მოქმედების ზონაში.
თავად პუტინმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული ATACMS–ის რაკეტების მიწოდებაზე, რაც წინა დღით დადასტურდა კიევსა და ვაშინგტონში. პუტინის თქმით, ასეთი მიწოდება მხოლოდ გაახანგრძლივებს უკრაინის "აგონიას". ამასთან, მან განაცხადა, რომ ხედავს გარკვეულ სიგნალებს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეიძლება დათანხმდეს რუსეთთან მოლაპარაკებებს, მაგრამ ეს, მისი თქმით, საკმარისი არ არის და ასეთი მოლაპარაკებების აკრძალვა უნდა მოიხსნას. რას გულისხმობს, პუტინს არ დაუკონკრეტებია.
შავ ზღვაზე ხშირად პატრულირებენ ამერიკული Reaper თვითმფრინავები. 14 მარტს, ამერიკული თვითმფრინავი MQ-9 Reaper ჩავარდა შავ ზღვაში რუსული სუ-27–თან დავაშირებული ინციდენტის გამო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამბედაობის ორდენი გადასცა პილოტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დევნაში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა პილოტებს უწოდა „იდიოტები, რომლებიც არღვევენ საავიაციო უსაფრთხოებას“.
ასევე იუწყებოდნენ, რომ გასულ შემოდგომაზე რუსულმა თვითმფრინავებმა საფრთხე შეუქმნეს ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელშიც 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა – ჰაერში ცეცხლი გახსნეს, მაგრამ რუსმა პილოტმა "ააცილა". ლონდონს რუსეთი არ დაუდანაშაულებია მიზანმიმართულ ქმედებებში, თუმცა, როგორც რამდენიმე მედიასაშუალება ამტკიცებდა, არსებული მონაცემებით, პილოტმა განზრახ გაისროლა, რადგან "მიწიდან მიღებული ბრძანება არასწორად გაიგო".


