
რა (არ) შესრულდა ენერგეტიკის მიმართულებით ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების კუთხით
18/10/2023 13:22:37 პოლიტიკა, ეკონომიკა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესახებ შეფასება მოამზადა.
დოკუმენტი მოიცავს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთანშეერთებით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ანგარიშს. დოკუმენტიდან იკვეთება, რომ ენერგეტიკის სექტორში აქტივობების უმრავლესობა შეუსრულებელია.
კერძოდ, "ნაწილობრივ განხორციელებულია" ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის წესების დამტკიცება, რადგან სემეკი კვალავ საბითუმო ბაზრის წესებზე მუშაობს. ასევე "ნაწილობრივ განხორციელდა" დამგროვებლების შესახებ რეგულაციის შემუშავება. ამ შემთხვევაშიც მარეგულირებელი წესებზე მუშაობს. იგივე სტატუსი აქვს ჯამში 18 მოთხოვნას 22–დან.
სტატუსი "განხორციელება არ დაწყებულა" აქვს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტს. დოკუმენტში წერია, რომ პროექტის განხორციელებისთვის KfW-გან გამოყოფილია 150 მლნ ევროს სესხი, თუმცა პანდემიის პერიოდში, აღნიშნული სესხიდან 120 მლნ ევრო მთავრობის გადაწყვეტილებით მობილიზებული იყო ქვეყნის ბიუჯეტში.
"ფინანსური სახსრების დეფიციტისა და არსებული დიზაინით გაზსაცავის მშენებლობის პროექტის სიძვირისა და სეისმურობასთან დაკავშირებით აღძრული მაღალი რისკის გამო, შეუძლებელი გახდა თავდაპირველი სახით დაგეგმილი გაზსაცავის პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, კვლავ დღის წესრიგშია საქართველოს ბუნებრივი გაზის დარეზერვების აუცილებლობა მოხმარების სეზონური და ოპერატიული მოთხოვნა-მიწოდების დასაბალანსებლად", - წერია დოკუმენტში.
"ნაწილობრივ განხორციელებულის" სტატუსი აქვს 2008 წლის 17 დეკემბრის ევროკომისიის ერთ-ერთ რეგულაციასთან დაახლოების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებას. იგივე სტატუსი აქვს ენერგოეფექტურობის ახალი დირექტივის გადმოტანას, რომელიც ანაცვლებს ენერგოეფექტურობის შესახებ დირექტივას.
22 აქტივობიდან ერთს აქვს "შესრულებულის" სტატუსი. ეს ეხება 1994 წლის მაისში ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივასთან „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საბოლოო ვერსიის შემუშავებას.
წყარო: bm.ge