Accentnews.ge
სეს–მა „დონატში“ ობის სოკოს გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინა

სეს–მა „დონატში“ ობის სოკოს გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინა

18/10/2023 10:49:39 რეგიონები, საზოგადოება

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეში ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოსწავლის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.

„სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის სასადილოში - ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი. ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში).

ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით. შედეგების შესახებ სააგენტო დამატებით აცნობებს საზოგადოებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S