
2024 წლიდან, ლარში შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის სავალუტო სესხის აღება მკაცრდება
18/10/2023 09:46:01 ეკონომიკა, საზოგადოება
მომხმარებლების უმეტესობას დოლარის და ევროს სესხის აღება გაურთულდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. საქმე ისაა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მხოლოდ 200,000 ლარზე დიდი მოცულობის სავალუტო სესხის აღება იყო შესაძლებელი. 2024 წლის 1 იანვრიდან კი ამ აკრძალვის მიდგომა შეიცვლება.
ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 200-300 ათასი ლარის სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა; ის პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
ეს ცვლილება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს თუმცა, მოქალაქეებს სესხების ჰეჯირების უკეთეს შესაძლებლობას აძლევს, რადგანაც მათ კრედიტის იმ ვალუტაში აღება შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი უფიქსირდებათ:
“ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია ჰეჯირება, ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, ეს დაცვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და იმ ვალუტაში უნდა უწევდეს სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში რათა შეიტანოს ბანკში. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია სებ-ის თაოსნობით ხორციელდება და უფრო სრულყოფილს ხდის მას.
ლოგიკა ისაა, რომ ჰეჯირება ნიშნავს ან ლარში ან რომელიმე სხვა ვალუტაში დავაძალოთ აღება. აქ არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს დაცული. რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი იმ ვალუტაში მოემსახუროს სესხს,”- განაცხადა ნათია თურნავამ.