პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში დაიწყო, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა
18/10/2023 08:30:36 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.
იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.
განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
- სასესიო დარბაზი დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, "გირჩის" წევრი დეპუტატები, ფრიდონ ინჯიას პარტია და თეონა აქუბარდია იმყოფებიან.
- სხდომაზე არ შესულან ფრაქცია ენმ-ის დეპუტატები, პარტია "საქართველოსთვის"და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები.
ამ წუთებში სიტყვით გამოდის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ირაკლი კობახიძე. იგი მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
კობახიძის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა. კითხვებს დასვამენ დეპუტატებიც, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება, რომელზე დასწრებასაც ოპოზიცია არ აპირებს.
16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


