ევროპელმა დელეგატებმა პეკინში პუტინის მოსმენაზე უარი განაცხადეს
18/10/2023 08:14:45 მსოფლიო
ჩინეთში მიმდინარე ფორუმზე, "ერთი სარტყელი, ერთი გზა" მისულმა რამდენიმე ევროპელმა დელეგატმა დატოვა დარბაზი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლამდე,– წერს Reuters. მათ შორის, სააგენტოს ცნობით, იყო ფრანგი კონსერვატორი პოლიტიკოსი ჟან-პიერ რაფარინი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას 2002 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა.
პუტინმა ფორუმის გახსნისას მადლობა გადაუხადა თავის "ძვირფას მეგობარს" სი ძინპინს ღონისძიებაზე მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი იბრძვიან "თანასწორუფლებიანი, ორმხრივად მომგებიანი" თანამშრომლობისთვის და პატივს სცემენ "ცივილიზაციის მრავალფეროვნებას და თითოეული სახელმწიფოს უფლებას, ჰქონდეს საკუთარი განვითარების მოდელი“.
მან მიიწვია დაინტერესებული ქვეყნები, მონაწილეობა მიიღონ ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის განვითარებაში, ისაუბრა რუსეთში სარკინიგზო პროექტებზე და შეაქო ჩინეთი „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ინიციატივის "წარმატებით განხორციელებისთვის", რომელიც აკავშირებს აზიას აფრიკასა და ევროპას სახმელეთო და საზღვაო გზებით.
სი ძინპინმა, თავის მხრივ, ფორუმის გახსნაზე თქვა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება "ცალმხრივ სანქციებს და ეკონომიკური იძულების პოლიტიკას" და არ მონაწილეობს "გეოპოლიტიკურ თამაშებში ან ბლოკურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში".
ჩინეთის ლიდერმა პუტინი პეკინში მოსკოვში ვიზიტის დროს მიიწვია მიმდინარე წლის მარტში. ამის შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციასთან დაკავშირებით. ოქტომბრამდე რუსეთის პრეზიდენტს უცხოური ვიზიტები არ ჰქონია, მაგრამ ჩინეთში გამგზავრებამდე ის ყირგიზეთში ჩავიდა. სი ძინპინგი პუტინს აეროპორტში არ დახვდა, ამისათვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ვანგ ვენტაო გაგზავნა.


