თეთრი სახლი ადასტურებს, რომ იორდანიაში ჯო ბაიდენის ვიზიტი გაუქმდა
18/10/2023 05:34:36 მსოფლიო
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ იორდანიაში ოთხმხრივ სამიტზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი გაუქმდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში იყო დაგეგმილი.
რამდენიმე ხნის წინ, ალ აჰლის საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ სამიტის გაუქმების შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ იორდანიაში ვიზიტი გაუქმდა მეფე აბდულა II-სთან კონსულტაციების შემდეგ და „პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მიერ გამოცხადებული გლოვის ფონზე“.
იორდანიაში სამიტი უნდა გამართულიყო მეფე აბდულას, ბაიდენის, ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფათაჰ სისის და პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის მონაწილეობით.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ღაზას სექტორში საავადმყოფოში აფეთქების შედეგად უდანაშაულო მსხვერპლის გამო და დაშავებულებსმალე გამოჯანმრთელება უსურვა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, აღნიშნა, რომ ბაიდენს უახლოეს მომავალში არაბული ქვეყნების ლიდერებთან პირადი კონსულტაციების იმედი აქვს. ის ასევე გეგმავს მომდევნო დღეებში გააგრძელოს რეგულარული და პირდაპირი კონტაქტი თითოეულ მათგანთან.
ღაზაში მდებარე Al-Ahli Baptist–ის საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელი და "ჰამასი" ერთმანეთს ადანაშაულებენ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია 500 ადამიანი. გარდა ამისა, მისი ცნობით, ბევრი მოქალაქე ნანგრევების ქვეშ რჩება.
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, "პირველადი გამოძიება აჩვენებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება "ჰამასის" მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია".
მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპული იყო 3 000 და დაჭრილი იყო 12 500 ადამიანი.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 17 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილთა რაოდენობა 4 229–მდე გაიზარდა. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 199 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას ხელს უშლის. მისი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.


