
ჯუანშერ ბურჭულაძე: „სალომე სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს ვინმე რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც იგი ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე“
17/10/2023 18:48:42 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თავდაცვის მიმართ ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ კრიტიკული შეკითხვებით შემოიფარგლა. მან გამოყო რამდენიმე კრიტიკული კითხვა, მათ შორის – დეპუტატ სალომე სამადაშვილისა და„გირჩის“ წარმომადგენლების კითხვები.
„ფაქტობრივად, არც ერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა დღევანდელ „მინისტრის საათს“. მათ დასვეს კრიტიკული შეკითხვები, რომ ავიღოთ რამდენიმე ყველაზე კრიტიკული შეკითხვა, აქედან გამომდინარეც შეიძლება, იმსჯელოს ჩვენმა საზოგადოებამ თუ რა შეკითხვები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას - სალომე სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს ვინმე რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც იგი ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე. მეორე, „გირჩის“ კრიტიკა, რომ 50-ლარიანი წვევამდელების ანაზღაურება გავზარდეთ 560 ლარამდე და რატომ არ არის ანაზღაურება 1200 ლარი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულობა უწყებას მეტ მოტივაციას აძლევს, რომ აბსურდული კრიტიკის სივრცეც არ დარჩეს.