Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო უწყება – პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე: ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა ჭარბობდეს

საფრანგეთის საგარეო უწყება – პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე: ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა ჭარბობდეს

17/10/2023 18:32:40 პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან.

“ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საჭირო მთელი რიგი რეფორმების განხორციელებაზე. კერძოდ, ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ხვალ გეგმავს.

რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურას, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეს არის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსი - მომხსენებელი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ავტორებიდან ერთ-ერთი, გამოვა და წარმოადგენს პოზიციას. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს განხილვაში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი. იგი გამოვა როგორც თანამომხსენებელი. სხდომაზე კითხვებისა და დაზუსტებების შესაძლებლობა იქნება როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან. პაპუაშვილის თქმით, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, არ იქნება კომიტეტის გამოსვლები. "გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლებზე და ამის შემდეგ დასკვნით სიტყვის უფლება ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა, საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ იქნება კენჭისყრა. იცით, რომ 100 ხმა იქნება საჭირო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S