
თავდაცვის მინისტრი: გამოწვევები ცვალებადია, დღეს ქვეყნისთვის მტერი შეიძლება, ხვალ მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ მტერი გახდეს
17/10/2023 13:55:52 თავდაცვა
დღეს შეიძლება, ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ "გირჩის“ წევრი დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვას თავდაცვის კოდექსის თაობაზე.
ბურჭულაძის თქმით, გარდა იმისა, რომ გამოწვევები მუდმივად იცვლება, სამართლებრივადაც გაუმართლებელია კოდექსში იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მტერი.
„კოდექსი ვის წინააღმდეგ მივიღეთ? - უსაფრთხოების ანბანი არის ზოგადად ის, რომ გამოწვევები იცვლება. დღეს შეიძლება ერთი ქვეყანა იყოს მტერი, ხვალ მეორე ქვეყანა გახდება. შესაბამისად, კოდექსის დონის დოკუმენტში, მტერი ვინ არის, იმის განსაზღვრა, ჩემი აზრით, სამართლებრივადაც გაუმართლებელია. სხვა ქვეყნების დოქტრინებშიც ნაკლებად გვხვდება, რომ განსაზღვრული იყოს კონკრეტული ქვეყანა. თუ ვინმეს უწერია ევროპის ქვეყანას, რომ რუსეთი არის მტერი ქვეყანა, დღემდე აქვთ სავაჭრო ურთიერთობა მათთან, ჩვენც გვაქვს მათ შორის გარკვეულწილად და კოდექსის დონეზე ასეთი დამოკიდებულებები არ ისაზღვრება ზოგადად. ანბანი უსაფრთხოების არის ის, რომ გამოწვევები არის ცვალებადი. დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი“, - განაცხადა ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.