Accentnews.ge
ССО ბერდიანსკსა და ლუგანსკში რუსეთის აეროდრომებზე შეტევისას 9 ვერტმფრენის განადგურების შესახებ იტყობინება

ССО ბერდიანსკსა და ლუგანსკში რუსეთის აეროდრომებზე შეტევისას 9 ვერტმფრენის განადგურების შესახებ იტყობინება

17/10/2023 12:44:02 მსოფლიო

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების (ССО) სარდლობა იტყობინება, რომ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში რუსული ჯარების აეროდრომებზე ღამის შეტევისას განადგურდა სხვადასხვა მოდიფიკაციის ცხრა რუსული ვერტმფრენი, აეროდრომებზე განთავსებული სპეცტექნიკა, საჰაერო თავდაცვის გამშვები მოწყობილობა და საბრძოლო მასალის საცავი.

გარდა ამისა, როგორც იუწყებიან, დაზიანებულია აეროდრომის ასაფრენი ბილიკები.

სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, 17 ოქტომბრის ღამეს ჩატარებულ ოპერაციას DRAGONFLY ეწოდა.

„სპეციალური ოპერაციების ძალებმა მიიღო ინფორმაცია მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში არსებული აეროდრომების გამოყენების შესახებ, აგრეთვე იქ მნიშვნელოვანი რაოდენობის ავიაციის, სპეციალური ტექნიკის და საბრძოლო მასალის არსებობის თაობაზე. ინფორმაცია გადამოწმდა და მიღებულ იქნა დადასტურება. კოორდინატები და საჭირო მონაცემები განადგურებისთვის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს გადაეცათ. 16-17 ოქტომბრის ღამის საცეცხლე დარტყმის შედეგად ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ბერდიანსკში, საბრძოლო მასალის საცავში დილის 4 საათამდე გრძელდებოდა დეტონაცია, ხოლო ლუგანსკში – დილის 11 საათამდე.

„მტრის ცოცხალ ძალას შორის ათეულობით დაღუპული და დაჭრილია. ნანგრევებიდან ცხედრების ამოღება ამ დრომდე მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ოფიციალური პირები ვითარებაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

17 ოქტომბერს, დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სარაკეტო ძალების ნაწილებმა დაარტყეს ორ რუსულ ვერტმფრენს აეროდრომებზე, საბრძოლო მასალის საცავს და რუსული ჯარების საარტილერიო იარაღს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით კი 17 ოქტომბრის ღამეს უკრაინელმა ჯარებმა წარმატებით დაარტყეს ვერტმფრენებსა და აღჭურვილობას რუსული ჯარების აეროდრომებზე ოკუპირებულ ლუგანსკთან და ბერდიანსკთან.

ღამით ამ ქალაქების მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს. მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ბერდიანსკში მომხდარი აფეთქებების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 318 თვითმფრინავი და 317 ვერტმფრენი დაკარგა. მოსკოვი დანაკარგებზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S