
"რუსეთი ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, სეპარატიზმის წახალისებას და სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდების მეშვეობით ქაოსის დათესვას"
17/10/2023 12:18:13 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში რუსეთის ფედერაციის აგრესიული და ძალადობრივი ქმედებები მიმოიხილა, რითიც ის თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებასა და ნატო–სა და ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონზე წვდომის შეზღუდვას ცდილობს.
„ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს აგრესიულ და ძალადობრივ პოლიტიკას, სასტიკ ომებს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს, ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, სეპარატიზმის წახალისებას და სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდების მეშვეობით ქაოსის დათესვას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დასძინა, რომ "საქართველო რუსული აგრესიისა და ოკუპაციის სამიზნე ერთ-ერთი პირველი გახდა, რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დგას საოკუპაციო ძალა და აგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას ჩვენი მოქალაქეების მიმართ".
მისი თქმით, საქართველო თავისი სტანდარტებით, მოდერნიზაციითა და მზადყოფნისდონის გაზრდით დღითი დღე უახლოვდება ევროპულ ოჯახს და ევროატლანტიკურ სივრცეს.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ამ სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და არ გვაქვს უსაფრთხოების ის ხარისხი,რაც მოაქვს ნატოს წევრობას. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკაწარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატების გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ გარანტს. პრაგმატული პოლიტიკა ვერ იქნება წარმატებული და ეფექტური, თუ მას ზურგს არ გაუმაგრებს ჩვენი ქვეყნის წარმატება, რეფორმები და მისი ხელშესახები შედეგები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სექტორში. ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები არის სწორედ ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი ჯარის გაძლიერება, მისი მზადყოფნის დონის ამაღლება და თანამედროვე, მოტივირებულ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალად ქცევა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.