პუტინი ორბანს ჩინეთში შეხვდა
17/10/2023 11:09:27 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩინეთში მიმდინარე ფორუმის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში შეხვდა.
„იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზედ შეზღუდულია, მაინც არ შეიძლება კმაყოფილება არ გამოიწვიოს, იმან რომ ჩვენ ევროპის მრავალ ქვეყანასთან ურთიერთობას ვინარჩუინებთ და ვავითარებთ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, - ციტირებს სააგენტო "ინტერფაქსი" რუსეთის პრეზიდენტს.
პუტინის თქმით, უკანაკნელი ათწლეულის განმავლობაში რუსეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები „მხოლოდ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, წარსულიდან მიღებულ ყველაფერ პოზიტიურზე დაყრდნობით“ ვითარდებოდა.
„ეს ეხება უპირველესად, ეკონომიკას. გასულ წელს ჩვენ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. 80 პროცენტზე მეტი. სამწუხაროდ, პირველი შვიდი თვის განმავლობაში დაფიქსირდა კლება: მინუს 35 პროცენტი. შარშანდელ 80-ს არ სჭარბობს, მადლობა ღმერთს, მაგრამ მაინც არსებობს საფუძველი ვიფიქროთ იმაზე, თუ დამატებით რისი გაკეთება შეიძლება ამ პროცესზე დადებითი გავლენისთვის“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთისა და რუსეთის პოზიციები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა, ყველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო "ტასს"-ის ცნობით, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს რუსეთთან დაპირისპირება არ სურს და პირიქით, ყოველთვის გეგმავდა კონტაქტების გაფართოებას. ორბანის თქმით, "უნგრეთ-რუსეთის ურთიერთობებმა ბევრი რამ დაკარგა უკრაინაში ომისა და სანქციების გამო, მაგრამ უნგრეთი ცდილობს გადაარჩინოს რაც კი შესაძლებელია“.
ორბანი და პუტინი ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის 1 თებერვალს შეხვდენ მოსკოვში. ორბანი მოსკოში იმყოფებოდა შარშან სექტემბერშიც სსრკ-ს პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის გასვენებაში, თუმცა პუტინს არ შეხვედრია.
"ტასს"-ის თანახმად, უნგრეთის პერმიერთან შეხდერის გარდა პუტინს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები.
"რადიო თავისუფლების" რუმინული სამსახურის თანახმად, შეხვედრის შესახებ მხარეებისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო.
უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელმაც პირადად აწარმოა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, რომლის, როგორც ომის დანმაშავის დაკავების ორდერიც გასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ.
ვიქტორ ორბანმა მანამდე განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ათ ეკონომიკურ შეთანხმებას პეკინში, სადაც კვირას ჩავიდა ფორუმში "ერთი სარტყელი, ერთი გზა" მონაწილეობის მისაღებად.
მიმდინარე წელს 23 მაისს კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.
უნგრეთმა დაბლოკა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაცემა. ტრანშის ოდენობა 500 მილიონი ევრო იყო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკრაინამ უნგრეთის OTP Bank-ი ომის საერთაშორისო მხარდამჭერების სიაში შეიტანა.
ნატო–ს წევრი უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას თანმიმდევრულად არ გმობს. ქვეყანა კვლავაც დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე.


