საფრანგეთმა ბელგიასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
17/10/2023 08:31:44 მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობამ ბელგიასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარიზმა მას შემდეგ მიიღო, რაც 16 ოქტომბერს ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა 2 ადამიანი მოკლა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს 17 ოქტომბერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი საფრანგეთისკენ გაემართა, თუმცა პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს ბელგიასთან საზღვარზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგება.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბრიუსელში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია. თუმცა ეს ცნობა ოფიცილურად დადასტურებული ამ დრომდე არ არის.
16 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა შვედეთის 2 მოქალაქე და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარია. სააგენტო Belga დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერს, რომ პოლიციისთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.


